პროევროპული აქციების მონაწილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მას სხვისი ქონების მითვისებას ედავებიან

როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, საგამოძიებო მოქმედებები ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს, საქმე კი ეხება 2021 წელს დაწყებულ გამოძიებას, სხვისი ქონების მითვისების მუხლით.
როგორც გიორგი კლდონაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, გამოძიება მას ედავება ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ტელევიზიის, „სტუნეტის“ ქონების მითვისებას, რასაც ის უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიება მის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ თავდაპირველად მან უარი თქვა ტელევიზიის საშუალებით „ქართული ოცნების“ მესიჯების გავრცელებაზე, მოგვიანებით კი უკვე უარი თქვა „სტუნეტის“ POSTV-ისთვის გადაცემაზე.
გიორგი კლდონაშვილი ამბობს, რომ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, ყოველდღიურად დგას რუსთაველზე და ამ გამოძიების „გაცოცხლება“ მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
„დილის 8 საათზე მოვიდნენ, წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი, დოკუმენტაცია. მითხრეს, რომ დაწყებულ გამოძიებაზე გამოიკვეთა ახალი გარემოებები და დამიბარეს, რომ დამიკავშირდებიან. ცხადია, ამას ყველაფერს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტიურობას ვუკავშირებ. თავის დროზე, გამოძიებაც ჩემს წინააღმდეგ სწორედ ამის გამო დაიწყეს.
ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიყავი სტუდენტური ტელევიზიის, „სტუნეტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ასევე – სოციალურ საკითხთა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ მოინდომა ამ ტელევიზიის საშუალებით თავიანთი მესიჯბოქსების გავრცელება, რაზეც ვთქვით უარი და 2018 წლიდან უკვე მთხოვდნენ, რომ დამეტოვებინა თანამდებობა და ის გადამებარებინა POSTV-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ არ დავთმეთ, 2021 წლამდე მიდიოდა ეს ბრძოლა“.
გიორგი კლდონაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ 2021 წელს გამოძიება ქონების მითვისების საქმეზე ტექნიკური უნივერსიტეტის საჩივრის საფუძველზე დაიწყო:
„თითქოს მე ჩავიდინე სისხლის სამართლის დანაშაული, გავფლანგე ტელევიზიის ქონება და გამომიშვეს უნივერსიტეტიდან. სანამ უნივერსიტეტიდან გამომიშვებდნენ, შეიკრიბა კომისია და მთელი ეს ქონება დავლუქეთ. თუმცა მალევე დამიბარა პოლიციამ და მომთხოვა, რომ დავსწრებოდი ამ დალუქული ქონების გახსნას, როდესაც მივედი, ქონება უკვე გახსნილი დამხვდა. გამოვიძახე პატრული. პატრულის ოქმი რომ დაიწერა, ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. წარვადგინე დოკუმენტაცია, დასტური იმისა, რომ არ მქონდა არანაირი შეხება აპარატურის გაქრობასთან.
მას მერე მიმდინარეობს ძიება. რამდენჯერმე მივმართეთ გამოძიებას, რომ ან დაედგინათ დანაშაული, ან ეთქვათ, რომ უდანაშაულო ვარ, თუმცა – უშედეგოდ. ბოლო დროის აქტიურობიდან გამომდინარე, თითქმის ყოველდღე ვდგავარ რუსთაველზე, „გააცოცხლეს“ ეს საქმე. მითხრეს დაგიბარებენო. ალბათ დამიბარებენ და, დიდი ალბათობით, ბრალსაც წამიყენებენ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი კლდონაშვილი.
დავით ხვედელიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საგამოძიებო უწყებას 2021 წელს მას შემდეგ მიმართა, რაც ყოველწლიური ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგინდა, რომ უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა და კულტურის დეპარტამენტში, რომელსაც გიორგი კლდონაშვილი ხელმძღვანელობდა და ამ ქონებაზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი, აღმოჩნდა ქონების დანაკლისი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 197 ათას ლარს შეადგენდა.
მისი თქმით, 2021 წლის მარტში, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ – ქურდობის, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. თუმცა ერთ თვეში მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს სხვისი ქონების მითვისების, 182-ე მუხლით:
„ქვემდებარეობიდან გამომდინარე, საქმე გამოსაძიებლად გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დღევანდელ დღემდე, მიმდინარეობდა თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან. წერილობითი კომუნიკაცია ბოლოს შედგა 2024 წლის დეკემბერში, დამატებითი დოკუმენტაციისთვის მოგვმართა ფინანსურმა პოლიციამ და ეს დოკუმენტაცია მათ მივაწოდეთ.
ვინაიდან გამოძიება თავდაპირველად ერთმა უწყებამ დაიწყო და შემდეგ სხვა უწყებას გადაეგზავნა, ეს პროცედურულადაც ვადაში ახანგრძლივებს გამოძიებას. შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – ეუბნება დავით ხვედელიძე რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, უწყებაში გვეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედება გიორგი კლდონაშვილის ბინაში საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა, ხოლო სხვა დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გაავრცელებენ.
ფორუმი