„პროდუქციის ფასის დაახლოებით 10%-ით გაძვირდა“ – „ბარამბო“

2024 წელი შოკოლადის მწარმოებლებისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ნედლეულზე ფასის მატებამ პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. კომპანია ,,ბარამბოში“ აცხადებენ, რომ თავდაპირველად ფასის შენარჩუნება მარაგების ხარჯზე შეძლეს, შემდეგ მოგების მარჟა დასწიეს, თუმცა საბოლოოდ მათ პროდუქციის გაძვირება 10%-ით მოუწიათ.
,,მიმდინარე წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკოლადის ნედლეულზე ფასის ზრდა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ბარამბოს პროდუქციის ნედლეულის 70% იმპორტირებულია, შესაბამისად ჩვენი ფასები იმპორტულ ნედლეულზე დიდწილადაა დამოკიდებული. კომპანიას მოუწია საფასო პოლიტიკის ადაპტირება გლობალური ბაზრის ტენდენციის შესაბამისად და ამავდროულად მუდმივად ითვალისწინებდა მომხმარებლის საჭიროებას. თავდაპირველად ფასის შენარჩუნება მოხდა არსებული მარაგების ათვისების ხარჯზე, შემდგომში გარკვეულწილად მარჟის დათმობით მოხდა ფასის შენარჩუნება, საბოლოოდ კი პროდუქციის ფასის დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.’’- განუცხადეს ,,კომერსანტს’’ კომპანიაში.
წინასაახალწლო პერიოდში მოთხოვნა გაზრდილია კანფეტების და შოკოლადის სასაჩუქრე ასორტებზე. ,,ბარამბოში’’ აცხადებენ, რომ კარამელის კანფეტების კატეგორიის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იკლებს.
,,წინასაახალწლოდ აღსანიშნავია კანფეტების და შოკოლადის სასაჩუქრე ასორტების გაყიდვების მზარდი ტრენდი. ამ მიმართულებით ბარამბო მომხმარებელს ყოველ წლიურად სთავაზობს სიახლეს – განახლებულ სასაჩუქრე ასორტებს და პროდუქციას ახალი წლის თემატიკით. ამის პარალელურად კარამელის კანფეტების კატეგორიის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველ წლიურად იკლებს.’’- აცხადებენ კომპანიაში.
2024 წელს ,,ბარამბოს’’ ნაყინის გაყიდვების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საკონდიტრო პროდუქტს, არსებული გამოწვევების ფონზე ამ მიმართულებისთვის გაყიდვების მაჩვენებელი წინა წლის იდენტურია.