მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან, დედაქალაქში დისტრიბუციის მანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, მათი მოძრაობა 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ შედეგად პროდუქტებზე ფასები 5-8%-ით უკვე გაიზარდა, ეტაპობრივად კი რიგ საშუალებებზე ფასის ზრდა შესაძლოა 15%-ის ფარგლებში იყოს.
„მერია ამბობდა, რომ 1 წლიანი ვადა ჰქონდა ბიზნესს გადაწყობისთვის, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ზაფხულის პერიოდიდან დეკემბრის ბოლომდე მიდიოდა მუშაობა ღამის დისტრიბუციაზე გადასასვლელად. ეს გულისხმობდა ღამის 22:00 სთ-დან დილის 08:00 სთ-მდე მომარაგებას. ეს მტკივნეული იყო, თუმცა მოთხოვნა კატეგორიული იყო და ჩვენ, დისტრიბუტორები და რითეილერები, იძულებულები ვიყავით საამისოდ რიგი ქმედებები დაგვეგეგმა. ჩვენი მოთხოვნა იყო რომ წლის ჭრილში დაწყებულიყო და ქუჩების მიხედვით ეტაპობრივად გადავსულიყავით ამაზე და ამ რეალობაში, დეკემბრის ბოლოს გავიგეთ, რომ სულ სხვა რეგულაცია შემოდიოდა, რომელსაც სულ სხვა რესურსი სჭირდებოდა.
რეალურად დღეს ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ფასის ცვლილება რომელიც უკვე დახლზე ასახულია და კიდევ უფრო მეტად აისახება მალე. ეს ყველა იმ ტიპის პროდუქციაზე აისახება, რომლის მიწოდებაც ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით ხდებოდა, ეს არის რძის ნაწარმი, ლიმონათი, წყალი თუ ა.შ. რაღაცაზე ეს ასახვა იყო 5-8%, რაღაცაზე 15% -ზე შეიძლება ავიდეს.
ფასი გაიზარდა იმის გამო, რომ ბიზნესს უწევს დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ამისთვის დამატებითი მძღოლების აყვანა, დამატებითი საწვავის გამოყენება, ეს მილიონიან გაზრდილ ხარჯს ქმნის წლიურად.
ჩვენ ვამბობთ რომ საცობების ნაწილშიც ეს ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რადგან ბევრი მანქანა გვეყოლება“, – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში რიჟამაძემ.