“პროგრესის მხრივ ფენომენალური შედეგი გვაქვს” | ბათუმის კუნძულის მშენებელი კომპანია

“პროგრესის მხრივ ფენომენალური შედეგი გვაქვს”, – ამის შესახებ ბათუმში კუნძულის მშენებელ კომპანიაში “ამბასადორი აილენდი” საუბრობენ. როგორც კომპანიის მიერ BMG-სთვის გაგზავნილ რენდერებში ჩანს, პროექტი გარკვეულწილად დაკორექტირებულია.
“პროექტი ითვალისწინებს ულტრათანამედროვე ქალაქის მოწყობას. აღნიშნული საინვესტიციო ხელშეკრულებით პროექტის განხორციელება დაიყო ორ ეტაპად, პირველი ორი წელი გათვალისწინებული იყო წინასწარი კვლევებისა და ტექნიკური ეკონომიკური კონცეფციის შემუშავებისთვის, შემდეგი ორი კი გათვალისწინებულია სანებართვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის. ფენომენალური შედეგი გვაქვს პროექტის პროგრესირებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა, რომელიც უზრუნველყოფდა კუნძულის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მიღებას. პარალელურად სწორხაზოვანი ხედვის შედეგად, შევკრიბეთ საერთაშორისო პარტნიორები, მოვიწვიეთ ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც პარალელურად უზრუნველყოფენ როგორც არქიტექტორულ, ისე საინჟინრო ნაწილის და განაშენიანების გეგმის, ასევე გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შემუშავებას. მთელი 4-წლიანი ციკლი, რომელიც გათვალისწინებული იყო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით ფაქტობრივად 2 წელშია შესრულებული. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროექტი კომპლექსურია, მას აქვს ვადები სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული. ველოდებით, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში პროექტი სრულად მოიპოვებს ყველა ნებართვას და ის ჩაეშვება” , – აცხადებს გოჩა კამკია
ასევე პროექტის დაანონსების დროს კომპანიაში BMG-ის უთხრეს, რომ საშუალოდ 1,5-წელი დასჭირდებოდა კვლევებს, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა, უშუალოდ დასრულებული სახით კი პროექტი აჭარას და მთლიანად საქართველოს 2028 წელს უნდა ჰქონდეს.