„პროგნოზზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა, უკვე ვხედავთ, რომ ყველაფერი მიდის ისე, რომ ლარის არსებული კურსის შენარჩუნება ძალიან გართულდება“ – ლევან ყარალაშვილი

„პროგნოზზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა, უკვე ვხედავთ, რომ ყველაფერი მიდის ისე, რომ ლარის არსებული კურსის შენარჩუნება ძალიან გართულდება“ – ლევან ყარალაშვილი
„გასულ წელს ფასების უმნიშვნელო ზრდა იყო, რაც ინფლაციასთან თანხვედრაში მოდიოდა, მაგრამ წლევანდელი წელი როგორი იქნება, მაგას უფრო გაზაფხულზე ვიხილავთ,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად საცალო სექტორში ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.
„გასულ წელს ფასების უმნიშვნელო ზრდა იყო, რაც ინფლაციასთან თანხვედრაში მოდიოდა, მაგრამ წლევანდელი წელი როგორი იქნება, მაგას უფრო გაზაფხულზე ვიხილავთ. ძვირდება პროდუქცია, იზრდება წნეხი ბიზნესზე საგადასახადო კუთხით და პლუს დამოკიდებული ვართ იმპორტზე. მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება საცალო სექტორშიც, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ყოველი მოქალაქის ჯიბეზე.
პროგნოზზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა, უკვე ვხედავთ, რომ ყველაფერი მიდის ისე, რომ ლარის არსებული კურსის შენარჩუნება ძალიან გართულდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ის დამატებითი ფინანსური ნაკადები, რაც დასავლეთიდან მოდიოდა, დღეს გაჩერებულია. დიდი ალბათობით, თუ გაგრძელდა არსებული პოლიტიკა და სანქცირების ტალღები კიდევ უფრო გამწვავდა, ლარზე წნეხიც კიდევ უფრო გაიზრდება. არ მგონია, რომ დღეს ქვეყანაში არსებობდეს საკმარისი დამატებითი რეზერვი, რომ კურსის შენარჩუნების საშუალება გვქონდეს. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში არ მახსენდება არც ერთი მსხვილი ახალი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელებაზეც შესაძლოა საუბარი იყოს. შემცირებული დახმარება, ინვესტიცია და სამომხმარებლო ბაზარი საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ნეგატიური კუთხით ფასების ზრდის დინამიკას და აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.