პრობლემებიც არის და გამოწვევებსაც ქვეყანა სრულად ვერ პასუხობს, მაგრამ ეკონომიკა იზრდება – რას ამბობენ ციფრები

ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები ადგილობრივ და საერთაშორისო მონაცემებს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებენ. არადა, 2025 წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაზარდა პროგნოზი და თუკი თავიდან 5%-ს ვარაუდობდნენ, ოპტიმისტური სცენარით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდეს.
ეკონომისტმა გიგა ბედინეიშვილმა ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეების გადინების ფონზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაფასა. მისი აზრით, მშპ-ს დადებით დინამიკაში სამთავრობო გუნდს არანაირი დამსახურება არ აქვს.
„ეკონომიკური ზრდა „ქართული ოცნების” დამსახურებით კი არაა, მათ მიუხედავად გვაქვს. თუ ეს არგუმენტიც გამოეცალათ, მკვეთრად სუსტდება მათი მესიჯბოქსი. ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ აჩვენონ ამ ნამდვილი ეკონომიკური ზრდა ან მანიპულაცია გააკეთონ ციფრებით”, – განაცხადა ბედინეიშვილმა “ბიზნეს მედიასთან”.
კიდევ უფრო რადიკალური მოსაზრებები აქვს ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს, რომელსაც 2025 წლის პირველ კვარტალში 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ანომალიად და არამდგრად მოვლენად ეჩვენება და ელის, რომ მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი მალე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.
თუმცა ეკონომისტების უმეტესობა საქართველოს ეკონომიკის მიღწევებს უდავოდ აღიარებს და სტაბილიზაციის საფრთხეს ვერც პოლიტიკური პროცესების ფონზე ხედავს. მოლოდინია, რომ არსებული ტემპი შენარჩუნდება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ასეთ სცენარში დარწმუნებულია.
,,არათუ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუდმივად მიუთითებენ საქართველოს ეკონომიკისა და მისი ცალკეული სექტორების, მათ შორის, საფინანსო დარგის სტაბილურობაზე, სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო შეიყვანეს იმ ლიდერ სახელმწიფოთა შორის, რომლებსაც 2030 წლამდე ეკონომიკური ზრდის მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით ძალიან მაღალი ტემპი ექნება. ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს მსოფლიო ქვეყნების რეიტინგის სიაში ეკონომიკური განვითარების დონით, ამიტომ გვინდა თუ არა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ობიექტური ჭეშმარიტება უნდა აღიარონ.
საქართველოს ეკონომიკა ვიტარდება, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებს, ამას აღიარებენ და ეთანხმებიან როგორც ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, ისე საერთაშორიო ორგანზიაციები. ამით ყველაფერი ნათქვამია”, – ამბობს სოსო არჩვაძე.
რაც შეეხება მშპ-ს ზრდის გავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, სტატისტიკოსის შეფასებით, გარკვეული წინსვლა ამ კუთხითაც შეიმჩნევა, თუმცა არათანაბარია და მოქალაქეების უკმაყოფილებას სწორედ ეს იწვევს.
,,ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე, არჩევანის საშუალება რომ გვქონდეს, რა გვირჩევნია, დავრჩეთ თანასწორები სიღარიბეში თუ გარკვეული თანასწორობა გვქონდეს ზრდასა და განვითარებაში. ცხადია, გვინდა განვითარება იმ პირობებშიც, თუ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა არათანაბრად მოიმატებს. ეს მოცემულობაა, ამიტომ მთავრობის მოვალეობაა, მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. სოციალური ქოლგა გამოიყენოს შედარებით დაბალშემოსავლიანი და ღარიბი მოქალაქეების მიმართ.
ვინც დასაქმებულია და შედარებით მაღალ შემოსავალს იღებს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესება. თუ შევადარებთ საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს და ინფლაციის მაჩვენებელს, დავინახავთ, რომ შემოსავლების საშუალო მატების ტემპი რამდენჯერმე უსწრებს ინფლაციის ტემპს, ამიტომ რეალური შემოსავლები ასეთ ოჯახებში იზრდება.
საქართველოში ჯერჯერობით ოჯახური შინამეურნეობების რაოდენობა აჭარბებს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ოჯახში ხელფასის მიმღები არის არა ერთი, არამედ 2, 3 ან შეიძლება მეტიც პირიც, ვითარება სასიკეთოდ იცვლება. არის პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდება. რეალურად ჩვენი მოლოდინი ხშირად წინ უსწრებს ეკონომიკის ფაქტობრივ შესაძლებლობას, ამას მოჰყვება გარკვეული იმედგაცრუება. მაგალითად, თუ ველოდი, რომ ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება, თითოეულის კეთილდღეობა ამ ტემპით ვერ აუწყობს მას ფეხს. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე წვდომა, ინტერნეტის განვითარება ადამიანებს უჩენს განცდას, რომ კარგად იცხოვრონ, როგორც სხვა განვითარებული და პრესტიჟული ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ ამას დიდი შრომა სჭირდება. ეს არის სუბიექტური ფაქტორები, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას განსაზღვრავს”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, ეკონომიკის მირწევები ექსპერტთა ნაწილს შეუმჩნეველი არ რჩება. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანამ სრულად ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების გამოყენება, თუმცა თავისი პოზიციები და რეიტინგი აშკარად გააუმჯობესა და ეს კარგად ჩანს საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებებშიც.
,,მართალია, გარკვეული პრობლემები არის და გამოწვევებსაც ქვეყანა სრულად ვერ პასუხობს, მაგრამ პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ნამდვილად შეძლო. გვინდა თუ არა ამის აღიარება, ეკონომიკაში ასეთი მოცემულობაა. თუკი ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ანგარიშგასაწევია ექსპორტის მიღწევები, ასევე ტურისტული სფერო, რომელმაც საკმაოდ მაღალი განვითარება აჩვენა და საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც დადებითად აისახა.
დღეს, ფაქტობრივად, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია. როდესაც მშპ-ს ზრდის განმაპირობებელ გარემოებებზე ვსაუბრობთ, ექსპორტისა და ტურიზმის გარდა, არის მიგრაციუული ფაქტორების გავლენაც. მათ შორის, რუსული კაპიტალის გააქტიურება საქართველოში, რაც მეზობელი ქვეყნიდან მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. მართალია, ეს აღარ არის იმ დონეზე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე იყო, თუმცა, გარკვეულწილად, ტენდენცია შენარჩუნდა და ს ბევრმა მოქალაქემ შეძლო ბიზნეს საქმიანობა საქართველოში გაეგრძელებინა.
გარდა ამისა, მატულობს საგარეო მოთხოვნა, მათ შორის ფულადი გზავნილები, რაც უკვე საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების გადინებით არის გამოწვეული. ადამიანები სამუშაოს ქვეყნის გარეთ ნახულობენ და აქ აგზავნიან თანხებს, ეხმარებიან სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს, რაც ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად მოქმედებს”, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.
“საქსტატმა” 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა პირველ სამ თვეში 9.3%-ით გაიზარდა. ასეთი შედეგის კვალდაკვალ საკუთარი პროგნოზები გააუმჯობესეს, როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა.