“პრობლემაა ადამიანური რესურსი და საბანკო გარანტიებზე ხელმისაწვდომობა” – გადამზიდავები NCTS სისტემაზე

საქართველოში საზღვარზე ტრაილერების გაფორმება დროში იწელება. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიზეზი ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვაა, რომლის ფარგლებშიც გამოწვევაა ადამიანური რესურსი და საბანკო გარანტიები, რომლის მიღებაც კომპანიებს უჭირთ, რაც საზღვარზე პროცესებს ართულებს.
ახალი NCTS სისტემა გადამზიდავ კომპანიებს საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული სატრანზიტო დოკუმენტაციით და გარანტიით, ტვირთის 36 ქვეყანაში შეუფერხებლად გადაზიდვის საშუალებას აძლევს.
სარგებელთან ერთად ახალმა წესებმა საქართველოზე ტრანზიტულად გამავალ ტვირთებზე ქართული გარანტიების სავალდებულო მოთხოვნა დააწესა, რამაც პრობლემები გააჩინა.
“მთავარ პრობლემა რჩება, ადამიანური რესურსი, რომლებიც დეკლარაციებს შეავსებს და გარანტიებზე ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, რომ გარანტიის მიღება ხდება ან ფინანსური უზრუნველყოფით, ფულით უზრუნველყოფით ან ქონებრივი უზრუნველყოფით. აქ რომ წარმოიდგინოთ რა გარანტიებზეა საუბარი, მაგალითად მცირე ზომის, ან საშუალო ზომის კომპანიაც, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტის ოპერატორი და რომელიც დღეში დაახლოებით ბეჭდავს 100 ერთეულ დეკლარაციას, ანუ 100 ავტომანქანის გამტარია, დაახლოებით 5 მილიონიან გარანტიას უნდა ფლობდეს, რომ სამუშაო პროცესი არ გაიჭედოს. 5 მილიონიანი გარანტიას ან თანხით უზრუნველყოფას, ან ქონებრივი უზრუნველყოფას, მოგეხსენებათ ბევრი კომპანიის აქტივი არ ეყოფა. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა დავაჩქაროთ კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ამ დეკლარირებას შეძლებენ და ფინანსური გარანტიები გავხადოთ ხელმისაწვდომი,” – აცხადებს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე.
საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ შექმნილი ხარვეზების ფონზე სახელმწიფომ 1 აგვისტომდე კომპანიებისთვის მორატორიუმი გამოაცხადა, რა პერიოდშიც გადამზიდავებს დეკლარირების პროცედურების გავლა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ქვეყნის დატოვებამდე შეუძლიათ.
ირაკლი ნემსაძის შეფასებით, პროცესების გადალაგება და უცხოური ინსტიტუტების ფინანსური გარანტიების დაშვება აუცილებელია, რათა მორატორიუმი ვადის ამოწურვისას საზღვარზე კიდევ უფრო მასშტაბური რიგები არ ვიხილოთ.
“ამ დეკლარირების ვალდებულება ჩნდება საზღვრის გადაკვეთამდე, ანუ ავტომანქანამ საზღვარი არ უნდა გადაკვეთოს, სანამ დეკლარირებას არ გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებია. პირველ შემთხვევაში 500 ლარი, მეორე შემთხვევაში 1000 ლარი და ა.შ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს, შემოსავლების სამსახურმა დართო ნება, რომ ამ ეტაპზე პირველ აგვისტომდე გამოცხადებულიყო მორატორიუმი და ავტომანქანებს აძლევენ საშუალებას საზღვრის გადაკვეთის, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, მაგრამ გასვლის უფლებას არ მისცემენ, გასვლამდე მათ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემები. თუ გავითვალისწინებთ მსხვილი სატრანსპორტო ოპერატორების გადატვირთვიანობას მაგალითად, თუ მიმართავთ თქვენ დღეს დეკლარაციის დაბეჭდვის მოთხოვნით, სადღაც 6-7- დღიანი მოლოდინის პერიოდი აქვთ.
პირველი აგვისტოდან, ანუ ეს მორატორიუმიც იკეტება და უკვე ყველასთვის ვალდებულება ჩნდება, რომ საზღვრის გადაკვეთამდე ჰქონდეს ეს დეკლარირება დასრულებული. შესაბამისად, ვეჭვობთ, რომ ამ პერიოდისთვის რიგები გაიზრდება,”- ამბობს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე.