“საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა – საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება. კვლევაში ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაც.
დეტალურადაა გაწერილი ტურიზმის სექტორის პროექტებიც:
პრიორიტეტი 1. საერთაშორისო ტურისტული ბაზრების არეალის გაფართოება
საერთაშორისო ბაზრებიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების მოსაზიდათ, აქცენტი გაკეთდება მიზნობრივი ბაზრების არეალის გაფართოებაზე. მიზნობრივი ბაზრები შეირჩევა ქვეყნის ცნობადობის, საჰაერო მიწვდომადობის, ვიზიტზე მაღალი საშუალო დანახარჯის და გაჩერების საშუალო ხანგრძლივობის ფაქტორების ერთობლიობით. რაც მოგზაურის ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობების ზრდაში იქნება ასახული. სამიზნე ბაზრებზე (სახელმწიფოებთან) საქართველოს პირდაპირი ფრენები უნდა აკავშირებდეს – აქცენტი გაკეთდება: გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. ამ ქვეყნების გარდა შეირჩევა სტრატეგიული ბაზრებიც – დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა. პოპულარიზაციის კუთხით, ყურადღება დაეთმობა, მსოფლიოს რეიტინგული ტელევიზიების მიერ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემების მომზადებაში. ტურისტულ ბიზნესში ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტებისთვის გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი – ასეთი მიდგომა ახალგაზრდებისათვის დამატებითი მუშაობის მოტივაცია იქნება.
პრიორიტეტი 2. ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება
აქცენტი გადატანილი იქნება ახალი და ნაკლებად ცნობილი კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელთა იდენტიფიცირება სათანადო კვლევების და კერძო სექტორის აქტიური ჩართვით დადგინდება. საწყის ეტაპზე, სახელმწიფო 10 ასეთი კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 200 მლნ ლარს გამოყოფს. ნაკლებად ცნობილი კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართული ფინანსური სახსრები, ხელს შეუწყობს რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობების აღმოფხვრას.
პრიორიტეტი 3. ბორჯომ – ბაკურიანის „კუკუშკის“ ტურისტულ მარშრუტად გადაკეთება
პანდემიის შემდეგ ბორჯომ – ბაკურიანის რკინიგზაზე მატარებლის მოძრაობა გაუქმდა და აღარ აღდგენილა. სადღეისოდ ცნობილ “კუკუშკას”, ეიფელის ხიდსა და სადგურებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს. „კუკუშკას“ ლიანდაგების სიგრძე 37 კმ ია. სარკინიგზო ხაზი – ულამაზეს ხეობას მიუყვება, ბორჯომის რკინიგზის სადგურზე იწყება, დაბა ბაკურიანში სრულდება და გადის ბორჯომის ხეობის 6 სოფელს: დაბას, წაღვერს, ცემს, ტბას, ლიბანსა და საკოჭავს. ელმავალი და 8 ვაგონი ახლა ბორჯომის დეპოში დგას. კუუშკას გარდა ტურისტული დატვირთვისა სოციალური მიმზიდველობაც გააჩნია, რადგანაც ტბაში, ცემში, დაბაში კუკუშკის გაუქმების შემდეგ ადგილობრივებისათვის იაფი და კომფორტული ტრანსპორტი აღარ არსებობს. აქცენტი გადატანილი იქნება ბორჯომ – ბაკურიანის „კუკუშკის“ ტურისტულ მარშრუტად გადაკეთებაზე.
პრიორიტეტი 4. წნორი – სიღნაღის საბაგირო გზის აღდგენა
მსოფლიოში ყველაზე გრძელი წნორი – სიღნაღის საბაგირო გზის აღდგენა წარმოადგენს რეგიონისათვის მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც ისარგებლებდნენ ტურისტები და ადგილობრივები. 2016 წელს „ქართული ოცნების“ მქუხარე დაპირების მიუხედავად, საბაგირო გზის პროექტი არა თუ არ განხორციელებულა არც დაწყებულა. სადღეისოდ მხოლოდ ორი ბაქანია შემორჩენილი. აღარ არსებობს ბაგირი და მისი საყრდენების დიდი ნაწილი. პროექტის განხორციელების პირობებში ინფარსტრუქტურა თავიდან იქნება ასაშენებელი.
რაც შეეხება, საავტომობილო ინფრასტრუქტურას, ამ სფეროსთვის იდენტიფიცირებულ პრიორიტეტებს “კომერსანტი” 20:30 საათზე შემოგთავაზებთ