“პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ – ნატო მეტონიძის მძიმე დიაგნოზი, ცხოვრების რთული მომენტები და უცნობი ამბები – Marao
სტუდენტობის პერიოდში „მზიურის“ ორ წევრ გოგონასთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″. კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტკლიდან „ხანუმა“.
„ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად. კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება. კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ – ასე ახასიათებს მას მეგობარი და ასევე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი.
“ზუსტად ვიცი, რომ ეს ღვთის საჩუქარია. სხვათა შორის, მამას ჰქონდა აბსოლუტური სმენა. საუკეთესო აკუსტიკოსი იყო – როიალის აწყობის ოსტატი. მღეროდა კიდეც, თუმცა მუსიკალური განათლება არ მიუღია. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით – 6 წლის ვიყავი, მშობლები რომ დასცილდნენ. მამას ვსტუმრობდი ხოლმე და კარგად მახსოვს, ბებიის – ნინა წულუკიძისა და მისი დების სიმღერა რომ მოვისმინე, როგორ აღვფრთოვანდი. ბებიას არაჩვეულებრივი, საკმაოდ “მსუყე” ბანი ჰქონდა. ჩანს, ჩემში მამის გენმა იმძლავრა და ღმერთმაც ინება, რომ ეს ნიჭი, უნარი სწორედ მე, ყველაზე ნაბოლარას – და-ძმა 9 და 10 წლით უფროსი მყავს, გამომემზეურებინა საქვეყნოდ. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს სიმღერას საჩუქარს (იღიმის). ბედისწერაა ისიც, რომ გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს ვასრულებ; რომ ბავშვობიდან არაჩვეულებრივი ადამიანები მახვევია გარს. დედას ბევრი გულშემატკივრობდა – სამ შვილს მეუღლის გარეშე გვზრდიდა და ყველა ცდილობდა, რაღაცით შეშველებოდა. მე კი, რადგან პატარა ვიყავი, განსაკუთრებულად მივლიდნენ. მაგალითად, სიმღერაზე ხშირად ძმას დავყავდი. ბედნიერება იყო, რომ მოვხვდი ანსამბლ “მზიურში”, რადგან იქ გატარებულმა წლებმა ბევრი მასწავლა: სცენას, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას, სხვებზე ზრუნვას, ადამიანების მოფრთხილებას მიმაჩვია და კიდევ ბევრი, ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარი შემძინა. მერეც, ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად გაგრძელდა. სკოლაში თავისუფალ თემას რომ გვაწერინებდნენ, ვინ უნდა გამოვსულიყავით, ყოველთვის დაუფიქრებლად, უყოყმანოდ და გულახდილად ვწერდი – “მომღერალი”, რადგან ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მუდამ უნდა მემღერა” – ამბობდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
“შიშის გადალახვის შედეგად მივიღე ის, რომ დავრწმუნდი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა შემიძლია მე თვითონ ვმართო – გადაულახავი დაავადება არ არსებობს და ყველაფერი ჩემს ხელშია” – ამბობდა ნატო მეტონიძე.