“პრინციპულად, ახლოს ვართ, მოლაპარაკებები გრძელდება” – გახარიასა და ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციური კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მორიგი შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა. ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო, რომელიც ათონელის რეზიდენციაში ს ინიციატივით გაიმართა.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა თქვა, რომ მსჯელობა ხვალ “სამუშაო მდგომარეობაში”, ისევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაგრძელდება.
“არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ პრინციპულად, ახლოს ვართ. აქვე, მინდა გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე, ან სიებზე საუბარი არ არის. აქ ლაპარაკია, როგორ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება? როგორ შევქმნათ ახალი რეალობა, რათა ძალიან მალე გაკეთდეს [ქართული] ქარტიით განსაზღვრული რეფორმები?” – თქვა ხაზარაძემ და მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიას “რთული, მაგრამ კონსტრუქციული” მოლაპარაკებისთვის.
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა ხვალ, დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“[მოლაპარაკება] ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.
გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო საკითხი, რაც ეხებოდა პარიტეტს. გამოსავალი ვნახეთ, ახლა კიდევ არის საკითხები, რომელიც ხვალ, დღის განმავლობაში წესით დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული”, – თქვა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ ხვალაც მივა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს.
„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის (“ძლიერი საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”) ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.
ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, – თქვა პრეზიდენტმა 16 სექტემბერს.
პოლიტიკაში წავიდა 2019 წელს, როცა პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ე.წ. ფულის გათეთრებაზე. ხაზარაძე ამბობდა, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ხაზარაძე ამტკიცებდა, რომ მისგან მოითხოვდნენ საჯაროდ დაეგმო „ნაციონალური მოძრაობა“ და ელაპარაკა, როგორ ექცეოდა ეს პარტია ბიზნესს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გახარია წერილის გაგზავნის ფაქტს უარყოფს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილმა არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორისაც, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ