პრივატიზაციის გეგმა შესაძლოა ჩავარდეს – წლის ბოლომდე სახელმწიფომ კიდევ 96.5 მლნ ლარის ქონება უნდა გაყიდოს

სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 თვეში 103.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის, 200 მილიონი ლარის, მხოლოდ 51.8%-ია. შესაბამისად, წლის ბოლომდე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კიდევ 96.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება უნდა გაყიდოს, იმისათვის რომ გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე გასვლა მოხდეს.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის გადასახადების შესრულება 13.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის 83%-ია.
გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაციიდან) 202.8 მილიონი ლარი იყო. თუმცა, ეს თანხა 92.2 მილიონი ლარით ნაკლები იყო ბიუჯეტით დამტკიცებულ პრივატიზაციის 300-მილიონიან გეგმაზე. შესაბამისად, პრივატიზაციის შესრულება მხოლოდ 67.6% იყო.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”. აუქციონები ვებგვერდ eAuction.ge-ის მეშვეობით იმართება.