პრიგოჟინის მკვლელობა ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული | WSJ
The Wall Street Journal დასავლური და რუსული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე, ასევე კრემლის ყოფილ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ იყო ორგანიზებული. WSJ-ის მიხედვით, მას 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.
“დასავლეთის დაზვერვის ოფიცრებისა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, მეთაურის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რწმუნებულმა, ყოფილმა ჯაშუშმა ნიკოლაი პატრუშევმა. პატრუშევის როლი პრიგოჟინის მოკვლის გეგმის განხორციელებაში აქამდე არ იყო ცნობილი”, – წერს გამოცემა.
WSJ-ის თქმით, პატრუშევმა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო პუტინის გაფრთხილება პრიგოჟინის მზარდი გავლენით გამოწვეული საფრთხის შესახებ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ყურად არ იღო მისი სიტყვები. კრემლის რწმენით, “ვაგნერის” დაქირავებულმა რაზმებმა წარმატებას მიაღწიეს უკრაინის ბრძოლის ველზე. თუმცა, გამოცემის ერთ-ერთი ანონიმური წყარო, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრი ამბობს, რომ ვითარება 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა. სავარაუდოდ იმ პერიოდში, პრიგოჟინმა დაურეკა პუტინს და დაიჩივლა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების დეფიციტზე, რაც მძიმე დანაკარგებს იწვევდა. WSJ-ის წყაროს ცნობით, ნიკოლაი პატრუშევი იმ დროს პუტინის ოფისში იმყოფებოდა.
პრიგოჟინის შემდგომი საჩივრები საბრძოლო მასალების მიწოდებაზე და “ვაგნერის” მეთაურის საჯარო კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან პუტინმა უგულებელყო. როგორც გამოცემა წერს, 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინმა ამბოხება დაიწყო, პატრუშევმა ამაში დაინახა შესაძლებლობა სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან ის და “მართვა საკუთარ ხელში აიღო.”
WSJ წერს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს შუამავლობით მოხერხდა პრიგოჟინის დაყოლიება, გადაეყვანა დაქირავებული მებრძოლები ბელორუსის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეაჩერებდა აჯანყებულთა დევნას, პატრუშევმა პრიგოჟინის მოკვლის გეგმის შემუშავება დაიწყო როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, პუტინს მოგვიანებით აჩვენეს ეს გეგმა, მაგრამ ის წინააღმდეგი არ წასულა.
დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლებმა კი WSJ-ს უთხრეს, რომ მცირე ბომბი განთავსებული იყო კერძო თვითმფრინავ Embraer-135-ის ფრთის ქვეშ. სწორედ ეს თვითმფრინავი გამოიყენა პრიგოჟინმა 23 აგვისტოს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ თვითმფრინავი ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგადა დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანი. მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.