„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ გმობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადდა.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალაში დარჩა IPI-ს წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირისთვის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი საპატიმრო სასჯელი“, – წერია განცხადებაში.
გუშინ, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე) 2-წლიან პატიმრობაში დატოვა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი:
· მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას;
· პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვდა, რომლითაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.




