პრემიერ-მინისტრმა თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
„ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თელავს სჭირდება საცურაო აუზი და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია.
„დღეს ვთხოვე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომ უკვე მოამზადოს ეს საკითხი. თელავს ასევე სჭირდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თელაველები უახლოეს მომავალში ასეთი ინფრასტრუქტურით იყვნენ უზრუნველყოფილები. რაც შეეხება არსებულ დარბაზს, ეს სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა“ შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის“ დაქვემდებარებაშია.
კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.