დღეს რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნებია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანა აკეთებს არჩევანს წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ შეხედულებს შორის. ეს არის რეფერენდუმი წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ველოდებით 60%-მდე ხმებს მოქალაქეებისგან და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს.
„მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ოპოზიციას მოვუწოდებ – როცა დაიდება 60-%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრას უარი. ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ნახეთ, ვერცერთმა პარტიამ, ვერ შეძლო ვერცერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ საბოლოო მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერცერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულები არიან და ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია განულებული აქვთ. ასეთ პირობებში ისინი ძალიან მძიმე მარცხს უნდა შეეგუონ. დღევანდელ დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს. ქართველი ხალხის დაახლოებით 60% დღეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.