პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაზოგილი თანხა, კვლავ შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას მოხმარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მოქმედებენ ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. მთლიანობაში, წლიურ ჭრილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა, ეს შეეხება როგორც უკვე გავრცელებულ, ასევე უახლოეს კვირებში დაგეგმილ ღონისძიებებს, 700 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ. პრაქტიკულად, თითქმის, ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალა, შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მოგვცა ცვლილებების განხორციელების საშუალება. გავიმეორებ, წლიურ ჭრილში დანაზოგი აღწევს 700 მლნ ლარს და მეტს. რაც შეეხება კადრების ოპტიმიზაციას ენერგეტიკის სფეროში, მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში 22.6 მლნ ლარის დანაზოგი, რაც შთამბეჭდავი შედეგია. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებასა და ა.შ. ამ ნაწილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა, 348.6 მლნ ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებითა და სწორი მიდგომით, შესაძლებელია ხარჯთეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. ეს არის წლიურ ჭრილში დანაზოგი. ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას, მოხმარდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას და რამდენად შეუწყობს ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარებას ხელს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ეს დაზოგილი თანხები მოხმარდება სწორედ იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეორგანიზაცია სახელმწიფო საწარმოების გარდა, განხორციელდა რიგ საჯარო უწყებებშიც.
„როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქაც წლის ჭრილში დაიზოგა ჯამურად 2 641 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ასევე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია, აქ დანაზოგმა შეადგინა 6.463 მლნ ლარი. ეს ოპტიმიზაცია შესაბამის სამინისტროებს ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად დაიზოგა 2 მლნ ლარი. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, ყველა სახელმწიფო უწყებაში და სახელმწიფო საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს და არცთუ მცირე იყო მათი რაოდენობა, მიეღოთ მაღალი ხელფასი, მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა. შესაბამისად, ამ პრაქტიკას ჩვენ ვუპასუხეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში მრავალი მილიონი ლარის დაზოგვის საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.
