ეს ძალები [ოპოზიცია და NGO-ები] ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, სცადეს დაჰპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეორდება ის, რაც მეორდებოდა წლების განმავლობაში – ოპოზიცია ვერ ეგუება არჩევნების შედეგებს.
„კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც მეორდებოდა ყოველ არჩევნებზე- ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის NGO-ები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, სცადეს დაჰპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან სამართალდამცავ ორგანოებს საარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის, ცესკოს კი არჩევნების კარგად ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, მათი როლი იყო განსაკუთრებული. ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილი იყო 3111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა, საბოლოო ჯამში, აქაც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცავმა უწყებებმა და მოხერხდა თვისებრივად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება არჩევნების დღის ჩათვლით. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რა თქმა უნდა, მათი როლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას განსაკუთრებული მადლობა არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაში შეტანილი თქვენი წვლილისთვის.
ცესკოს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა – პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმები დათვლილ იქნა ელექტრონული წესით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცესკომ, ისევე როგორც სხვა ამოცანებს, სრულფასოვნად გაართვა თავი, შესაბამისად, ცესკოს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა კობახიძემ.