პრემიერ-მინისტრი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერი „ფეისბუქზე“ წერს, ლევან თედიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.
ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.
სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.