პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და
მთავრობათაშორისი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას და აზიას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩვენი სურვილია ამ უპირატესობის გამოყენება.
ჩვენი თანამშრომლობა ამ მხრივაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი უნდა იყოს. ჩვენ ვაშენებთ გზებს, ასევე ვგეგმავთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას თბილისში და პორტის – შავ ზღვაზე. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ჩვენ შორის თანამშრომლობას. ეს პროექტები ხორციელდება შუა დერეფნის ინიციატივის გათვალისწინებით. ჩვენი სურვილია ამ პროექტის მაქსიმალური გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში. არსებობს სხვა სფეროებიც, რომლებშიც შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, მაგალითად, განათლება, მეცნიერება, სპორტი, კულტურა, სადაც არსებობს დიდი პოტენციალი”, – განაცხადა ირაკლი მ.
პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვება მიულოცა ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარემ.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სენატში!
მინდა, მოგილოცოთ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს პირადად თქვენ და თქვენს დელეგაციას. თქვენი გამარჯვება არის თქვენი ხალხის ნდობის მტკიცებულება. ჩვენი ურთიერთობები ძლიერდება და მჯერა, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას “, – განაცხადა ტანზილა ნარბაევამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას