პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება. ექიმების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გაუქმდეს.
როგორც ექიმებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი სახელმწიფო კლინიკას წარმოადგენს და მათაც სურთ, რესპუბლიკური საავადმყოფო განახლდეს, თუმცა არა იმ გზით, რა გზითაც ჯანდაცვის სამინისტრო ამას ცდილობს.
ექიმების თქმით, იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი მათ არგუმენტებს მოისმენს და საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ საუბარი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს.
„დღეს მე ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას ვუსმენდი, სადაც მან განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი ნამდვილად გადასაწყვეტია. როგორც მან აღნიშნა, ერთი მხრივ, დგას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, სამედიცინო კოლექტივი, რომლის ინტერესებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
მე იმედი მაქვს, ბატონ პრემიერს პირადადაც ვეტყვით, რომ ჩვენ მეორე მხარე არ ვარ. ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფო კლინიკას, ზოგი ჩვენგანი ამ კლინიკაში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ სახელმწიფოებრივ აზროვნებას მივეჩვიეთ. ყოველთვის წარმატებით გავუმკლავდით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც სახელმწიფოს წინაშე იდგა და ჩვენ არ ვართ მხარე. ჩვენზე მეტად არავის სურს კლინიკის განახლება და ახალი, მძლავრი რესპუბლიკური საავადმყოფოს შექმნა, თუმცა ეს უნდა მოხდეს ცივილურად, მოლაპარაკებების გზით და დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებით. ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ამას სამინისტრო და ჯანდაცვის მინისტრი ახორციელებენ – არაცივილურად, ჩვენი შეურაცხყოფითა და უნდობლობით.
ველით, რომ პრემიერი ჩვენს ხმასა და არგუმენტებს გაიგებს და მოლაპარაკებები დაიწყება. მთელი თვის განმავლობაში ჩვენ ერთი მოთხოვნა გვქონდა – შეწყვეტილიყო საავადმყოფოს ნაადრევი ნგრევა, თანამშრომლების მოსყიდვით დაჩქარებული გაყრა და სამუშაო პროცესი სამუშაო მაგიდასთან დაბრუნებულიყო. იმედი გვაქვს, პრემიერისთვის ჩვენი არგუმენტების წარდგენის შემდეგ, მოლაპარაკებები გადაინაცვლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან და როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა კარდიოლოგმა ნინო ოთარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ