პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
„ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას და ეს გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია.
„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინის მიმართებით და საქართველოს მიმართებითაც, თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი,“- განაცხადა პრემიერმა.