საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, აგრძელებს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) და სხვა პრაქტიკული მექანიზმებისა (ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა, ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმა) თუ პროგრამების ეფექტიანად გამოყენებას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს.
მოხსენების თანახმად, აქტიურად გრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების განხორციელება. ამასთან, გრძელდება მუშაობა პარტნიორებთან არსებითი პაკეტის მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების მოზიდვის გზით.
„მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც ძალაშია 2025 წლის 26 თებერვლიდან.
საქართველო ნატოს პირველი არაწევრი სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლიდან მონაწილეობს ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის ფარგლებში განხორციელდა ორი როტაცია − 2023 და 2024 წლებში, ხოლო მომდევნო როტაცია დაგეგმილია 2025 წელს.
საქართველომ, როგორც ერაყში ნატოს მისიის (NATO Mission in Iraq − NMI) პოტენციურმა ოპერატიულმა პარტნიორმა, ოფიციალური განაცხადი გააკეთა მისიაში მონაწილეობის სურვილის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის როტაციის ფარგლებში, საქართველომ გაზარდა NRF-ში კონტრიბუცია ნატოს მიერ სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფით. 2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელდა NRF-ში გაცხადებული ქართული ქვედანაყოფების ტრანზიცია ნატოს ახალ ინიციატივაში, პარტნიორების მიერ გაძლიერებულ ნატოს ძალებში (Partners Augmentation Forces to NATO).
2025 წელს თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა რიგით მეოთხე ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 17-მა ქვეყანამ.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საბრძოლო საინჟინრო ბატალიონები, სარდლობის ქვეითი ბრიგადები დაკომპლექტდნენ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სამხედრო-სამედიცინო მიმართულებით, შესყიდულ იქნა ROLE 2F დონის, ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურვა, დაახლოებით, 2 მლნ ევროს ღირებულების თანამედროვე აპარატურით.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შედეგზე ორიენტირებულ ორმხრივ თანამშრომლობას ნატოს წევრ და საქართველოს პარტნიორ 34 ქვეყანასთან (ნატოს 26 წევრი და 8 პარტნიორი).
აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) წარმატებულ განხორციელებას. ინიციატივის მთავარი მიზანი შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, ნატოსთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაა.
2025 წელს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებას „AGILE SPIRIT 2025-ს“, რომლის დაგეგმვაც ინტენსიურად მიმდინარეობს. 2025 წელს, აშშ-სთან ერთად, ასევე დაგეგმილია სხვა ერთობლივი სწავლებების ჩატარება.
აქტიურად გრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, გერმანიასთან, საფრანგეთთან, თურქეთთან, იტალიასა და კანადასთან.
რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების თავდაცვის სამინისტროებთან.
წარმატებით ფუნქციონირებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. 2024 წელს საქართველომ უმასპინძლა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალსა და სამმხრივ სწავლებას Eternity“-ნათქვამია მოხსნებაში.
