პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.
მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას