პრემიერ-მინისტრის ბიზნეს-გარიგებებთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემდეგ, ლიეტუვაში ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუკასის წარსულ ბიზნეს-გარიგებებთან და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა, ორშაბათს, 30 ივნისს, ლიეტუვის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას მოუწოდეს, თანამდებობაზე მისი დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხი განიხოლოს.
კონსერვატიული და ლიბერალური ოპოზიციური ფრაქციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პალუკასი „შესაძლო კორუფციული გარიგებების, საეჭვო სესხებისა და ინტერესთა კონფლიქტების ჩრდილქვეშ“ იმყოფება, რაც, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების რისკს წარმოადგენდეს. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, მიიღოს „პრინციპული ზომები“ და პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისროს.
„პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ასეთი სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული, თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციის ეს მოთხოვნები ემყარება Laisvės TV-სა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრ Siena-ს მიერ კვირას გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშს, რომელშიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პალუკასის ბიზნეს-საქმიანობაა გაანალიზებული. ანგარიშში საუბარია საეჭვო სესხებსა და ბიზნესმენ დარიუს ვილჩინსკასთან კავშირებზე.
პალუკასმა ბრალდებებს ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) სესიაზე უპასუხა, სადაც მან საგამოძიება ჟურნალისტიკა „ბიზნეს-მოდელად“ შეაფასა.
„ეგრეთ წოდებული გამოძიებები ბიზნესად იქცა. სიცრუეში შეფუთული ინფორმაციის ფრაგმენტებიდან ფულის გამომუშავება შეიძლება. ეს არც დასავლეთშია სიახლე, არც პოლიტიკაში და არც ბიზნესში“, – განაცხადა პალუკასმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.
პრემიერის განცხადებით, „მათ, ვისაც მისი მოსმენა არ სურს, პასუხები ვერ დააკმაყოფილებს და სკეპტიკურად განწყობილი დარჩება“.
მან მედია სენსაციური სათაურებით აღშფოთებისა და დაბნეულობის გამოწვევისთვის გააკრიტიკა და ინფორმაციის მიწოდების სტილი შეადარა „რაღაც შუალედურს OnlyFans-სა (ონლაინ პლატფორმა, რომელზეც პორნოგრაფიული პროდუქციაა წარმოდგენილი – რედ.) და სატელეფონო თაღლითობას შორის“.
გინტაუტას პალუკასი ლიეტუვის პარლამენტშიი.სტაცევიჩიუსი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)
ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გასაჯაროების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციის მოთხოვნით, პარლამენტში მიიწვიეს.
პალუკასი სეიმის წინაშე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მის საქმეში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან 2009 წლის შუა რიცხვებიდან 2015 წლის გაზაფხულამდე იგი მოქმედებდა, როგორც კერძო პირი და არა როგორც სახელმწიფო მოხელე. მისივე თქმით, ვარაუდები, რომ ბიზნესისგან მან უკანონო სარგებელი მიიღო, „უსაფუძვლოა და მანიპულაციებზეა დაფუძნებული“.
ამასთან, მან აღიარა, რომ Seagate-ის აქციონერთა სტრუქტურა, რომელშიც ის აქციების 55%-ს ფლობდა, ეროვნულ რეესტრში დროულად არ დარეგისტრირდა, რასაც პალუკასმა „შეცდომა“ უწოდა, რომელიც 2015 წელს გამოსწორდა. აქციების დანარჩენი 45% ეკუთვნოდა Uni Trading-ს – კომპანიას, რომელიც დარიუს ვილჩინსკასთან არის დაკავშირებული.
ამასთან, მან აღიარა, რომ Seagate-ის აქციონერთა სტრუქტურა, რომელშიც ის აქციების 55%-ს ფლობდა, ეროვნულ რეესტრში დროულად არ დარეგისტრირდა, რასაც პალუკასმა „შეცდომა“ უწოდა, რომელიც 2015 წელს გამოსწორდა. აქციების დანარჩენი 45% ეკუთვნოდა Uni Trading-ს – კომპანიას, რომელიც დარიუს ვილჩინსკასთან არის დაკავშირებული.
ლიეტუვას პრემიერმა, კონსერვატორების კითხვებზე პასუხის გაცემისას, აღნიშნა, რომ ვილჩინსკასმა ის თავად მიიწვია პროექტში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანი იყო ბათიმეტრიული კარტოგრაფიული სისტემისა და მობილური აპლიკაციის შექმნა მეთევზეებისთვის, თუმცა, ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა და გაკოტრდა.
„ისევე როგორც ცხრა სტარტაპი ათიდან, ისიც წარმატებული არ გამოდგა,“ – განაცხადა პალუკასმა.
პრეზიდენტ ნაუსედას სამშაბათს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პალუკასის საქმის გამოძიების დაწყების განსახილველად.
1tv.ge