პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე და ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე წარმატებით გადავიდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე და ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე წარმატებით გადავიდა.
პარლამენტში წარდგენილი პრემიერის წერილობითი მოხსენების თანახმად, სააგარიშო პერიოდში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართებოდა.
„2023 წლის ივლისში საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ნატოს ვილნიუსის სამიტში. სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოწოდებულ იქნა, რომ ს ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
კომუნიკეში მოკავშირეებმა მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც საქართველოში, ისე ნატოს შტაბბინაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2024 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) დონეზე.
საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულება იყო 2024 წლის მარტში ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი. 2023 წლის ნოემბერში მეხუთედ ვუმასპინძლეთ ნატოს სამხედრო კომიტეტს. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტუმრობდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა.
ალიანსთან მიმდინარეობდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC), წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფორმატების გამოყენებით. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) 6 სხდომა. შემუშავდა 2023 წლის წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი და შედგა ნატოს შემფასებელი მისიის ვიზიტი 2023 წლის ოქტომბერში. ასევე შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ა.წ. 29 აპრილს წარედგინა ნატოს მხარეს.
ამასთან ერთად, მიმდინარეობდა მადრიდის სამიტზე მიღებული საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებების კონკრეტული ელემენტების განხორციელება გაძლიერებული არსებითი პაკეტის (SNGP) მეშვეობით.
გრძელდებოდა მუშაობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით“, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის სააგარიშო მოხსენებაში.
პრემიერის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოიცავს 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება