საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომელთა წარმომადგენლებთანაც შეხვედრებს ორშაბათიდან იწყებს.
კითხვაზე – მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? -ზურაბიშვილი პასუხობს: „რაზე მაქვს ნაფიქრი, აქ ამაზე არ გიპასუხებთ. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი. ჯერ ვნახოთ! ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე. მგონი,დღეს ყველაზე სწორ გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.
„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი ჩემთან კონსულტაციაში უნდა იყოს შერჩეული, მე უკვე მყავს კანდიდატი, ახლა არ გეტყვით, ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ… მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები. რატომ? – იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ…
ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები უნდა დავიწყო, დღეს ვაცხადებ, რომ ველოდები მათ ორშაბათს იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს არჩევნებამდე. მე ხომ არ ვიცნობ ყველას – ვინ რომელი მინისტრი უნდა იყოს, ყველას ექნება საშუალება, კანდიდატურები წარადგინოს, ერთადერთი – პოლიტიკოსები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ნიშნით შეარჩია მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „სანდოობით აღჭურვილია“.
„ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი, ყველასთვის მისაღები. მგონი, საჭირო არის, ეს შემადგენლობა, არ ვიცი სრულყოფილი იქნება თუ არა, მთლად იდეალური რთული იქნება, იმედი მაქვს, რომ ამ მთავრობის დიდ ნაწილს ამომრჩევლებს არჩევნებამდე წარვუდგენთ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ნდობის მომენტი. პირველი, ერთპარტიულობას ვემშვიდობები, მაგრამ ამ ოთხივე პარტიას ვენდობი, რომ მიმიყვანოს ევროპამდე. მეორე, ეს მთავრობა არ იქნება იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური მადა დაიკმაყოფილოს, იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას ემსახუროს ამ მოკლე პერიოდით. შემდეგ, როგორც ქარტიაში წერია, არჩევნები უნდა გაიმართოს – მომავალი წლის ოქტომბერში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. ეს იქნება პირველი არჩევნები უკვე განთავისუფლებულ გარემოში. ამ ერთი წლის მანძილზე ეს 4 პარტია იქნება იმ მდგომარეობაში პარლამენტში, რომ მთავრობაზე კონტროლი დააწესოს, ქარტია შეასრულოს და ნამდვილი პროგრამა მოამზადოს – ყველამ ცალ-ცალკე, ვინ რას გვთავაზობს, მაგრამ არა ისე, რომ არჩევნებისთვის იყოს დაწერილი, რეალური პროგრამა უნდა იყოს, ერთი წელი ძალიან კარგი დროა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართულ ქარტიაზე“.
კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, თუკი „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, მათ უფლებების დაიცავს, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
„აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ალბათ, ეს გუნდი პარლამენტში 25%-ით დარჩება, არ მგონია, ბევრად მეტი იყოს დღევანდელი რეალური მონაცემები, მერე შეიძლება რაღაც გაყალბების მომენტებიც… ეს არის აუცილებელი მომავალი საქართველოს დემოკრატიული პარლამენტისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ოპოზიციურ პარტიებთან ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქარტიის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდეს, რადგან ეს არის სამოქმედო გზა ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს ოპოზიცია უნდა შედგეს, კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთმანეთში ცოტა დააწყნაროს ეს ურთიერთობები, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ალბათ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კარგია, ჩვენ აღარ მივიღებთ ერთპარტიულ წყობას, რაც ამ ქვეყნისთვის ყველანაირად ამოსუნთქვა იქნება, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ის, რაც იქნება ოპოზიცია და შეიძლება, იქაც ერთპარტიული ოპოზიცია არ იყოს, იყოს სხვა პატარა პარტიები, ისინი არიან ბუნებრივი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ივანიშვილის პირისპირ, ერთი ეტაპის დასრულების, ცივილურად გაგრძელებისა და შურისძიებების გარეშე, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აუცილებელია“.
„ეს ქვეყანა ამ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, დებატიც შევთავაზე საჯაროდ, ბევრი რამე შეიძლება ასეთი დებატითაც გაირკვეს. სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო რაღაც გარანტიების მიცემა?.. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, მივიტან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს – „აღარ დავაზუსტებ“.