პრემიერლიგის კლუბი მიქაუტაძის და “ნაპოლის” თავდამსხმელის დამატებას გეგმავს

მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი პრემიერლიგაში „ვესტ ჰემის“ სუსტი სტარტის გამო სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცა, თუმცა ბოლო ტურში „ნიუკასლთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმიტურადაა განწყობილი და შეტევის გაძლიერებაზე ზრუნავს, რამეთუ უკმაყოფილოები არიან ნიკლას ფიულკრუგის და მაიკლ ანტონიოს თამაშით.
განიხილება ორი კანდიდატურა. Fichajes-ის ცნობით, „ვესტ ჰემი“ ყურადღებით აკვირდება გიორგი მიქაუტაძეს და მის დამატებას საინტერესო ვარიანტად მიიჩნევს, რამეთუ ახალგაზრდაა, პერსპექტიული და თან საკმაოდ გამოცდილი, ინგლისურ გუნდში კი მას ბრიტანულ ფეხბურთში თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობ მიეცემა. აღნიშნულია, რომ ფრანგული კლუბის მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ შეიძლება
ტრანსფერი დააჩქაროს.
Football Transfers-ი იტყობინება, რომ „ვესტ ჰემი“ „ნაპოლის“ ჯოვანი სიმეონეს თაობაზე დაუკავშირდა, რომელსაც ძირითადად შეცვლაზე უწევს შესვლა და იანვარში არგენტინელის იჯარით აყვანას შეეცდება.
რაც შეეხება მიქაუტაძის „ლიონში“ ასპარეზობას, lyonfoot-ი წერს, რომ ქართველმა ევროპა ლიგაზე „ყარაბაღთან“ დუბლის შესრულებით მწვრთნელს, პიერ საჟს თავსატკივარი გაუჩინა, ვინაიდან „ნიცასთან“ მომავალ შეხვედრაში სასტარტოში ორ ფორვარდს ვერ დააყენებს და უპირატესობას კვლავ ალეკსანდრ ლაკაზეტს მიანიჭებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს თითქმის ორჯერ მეტ სათამაშო დროში გიორგიზე განსაკუთრებულად უკეთესი სტატისტიკა არ აქვს – მან 5 გოლი გაიტანა დ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მიქაუტაძის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გიორგი როგორც იქნა თავის დონეზე თამაშობს და მწვრთნელს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს.