პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას: 1. არჩევნები საქართველოში. 2 არჩევნები აშშ-ში და 3. ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, ვგულისხმობ როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში გამართულ არჩევნებს. რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც ძალიან მალე დასრულდება. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ვისმენთ ხოლმე კანონთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მგონია, რომ კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან.
რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ხოლო [8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების აქციაზე სიტყვით გამოსვლა] ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება, პირიქით, ეს არის საჩუქარი ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო მიხაილ როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას. ზუსტად ასეთივე საჩუქარია მისი და მისი ერთი – ორი მეგობრის ვიზიტი პოსტსაარჩევნო პერიოდში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.