მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოსვლაზე ჯამში, 100 000-დან – 25 ადამიანს ეთქვა უარი.
„რაც შეეხება საფრანგეთს და პოლონეთს, ყველაფერი დევს ხელის გულზე. მარტო სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ერთი ქვეყნის შემთხვევაში, მხოლოდ 9 მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და მე-2 შემთხვევაში, მხოლოდ 16 მოქალაქეს ეთქვა უარი 100 000-დან. ჯამში, 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. პირიქით სტატისტიკა რომ ავიღოთ, მე მგონი 1000-ზე მეტია ეს მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში. მართალია, მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ საქართველოს 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე. ხშირად, საერთოდ არ ხდება ხოლმე არავითარი მიზეზის განმარტება. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას რადიკალური ოპოზიციის აქციებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერ გეტყვით, ეს არის თუ არა ვინმეს ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ორგანოები. თავისთავად ის ფაქტი, რომ 16 და 9 არის სტატისტიკა, არის იმის დასტური, რომ ეს არავითარი განსაკუთრებული საფუძველი არ არის. როდესაც უცხოელები მონაწილეობენ რადიკალური ოპოზიციის აქციებში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ამასთან დაკავშირებით უნდა აიმაღლოს ხმა შესაბამისმა საელჩომ. მათ უნდა მოუწოდონ საკუთარ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ უცხო ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევისაგან. ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპირო განცხადებებს, როდესაც ისინი პირიქით, ახალისებენ საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობას უცხო ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის აქციებში, სუვერენიტეტში ჩარევას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და პირველ რიგში, ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა. ამაზე შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტებები ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთ თემაზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას საქართველოში FARA-ს ანალოგის ამოქმედებაზე. მისი თქმით, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები დაცული იყოს“.
„ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ, მინიმუმ, გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში – „გამჭვირვალობის შესახებ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს ყველაფერი გარედან დაფინანსებული და ორგანიზებულია.
„ძირითადად ეს არის ევროპული ბიუროკრატიისგან გაცემული ფინანსები. ეს შემაშფოთებელია, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები. არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, სადაც საუბარია იმაზე, რომ როდესაც ელჩთან, ბატონ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, სხვათა შორის, ბევრად უფრო რბილი ფორმით, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება იმ ფაქტის გამართლება, რაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნას. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ევროპული ბიუროკრატია არის სრულიად ტრაგიკულ მდგომარეობაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, ასეთ ტრაგიკულ დონემდე დავიდეს ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც მათთვის არ არსებობს არავითარი სამართლიანობის პრინციპი, სამართლის უზენაესობის პრინციპი. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
