ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში „ქოლ-ცენტრების“ ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება – ამ დღეების განმავლობაში „ქოლ-ცენტრებს“ ამუშავებდნენ, არატრადიციული მიზნით – არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მომსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და ბიზნესმენებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქოლ-ცენტრების“„ნაცმაიდანში“ ჩართულობა იყო ძალიან ინტენსიური და აქტიური“.
„კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხო, ეს არის „ქოლ-ცენტრების“ ჩართულობა „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილ მცდელობაში. პირველ რიგში, მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის „ფეისბუქ“ პოსტი, ეს პოსტი მან მიუძღვნა გმირი პოლიციელების ცოლებს. მან მათ ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი მიუძღვნა, რომელიც იწყება სიტყვებით „ჯალათის ცოლო“. ეს ტერმინოლოგია გამოიყენა გმირი პოლიციელების ცოლების მიმართ. მე კი გეტყვით ვინ არის ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი არის ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი „ქოლ-ცენტრის“ მფლობელის ცოლი. ეს ქალბატონი, რომელიც პოლიციელების ცოლებს უწოდებს ჯალათების ცოლებს არის იმ ადამიანის ცოლი, რომელიც ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნიდან, ანუ ყოვლად ამორალური ქალბატონი, ყოვლად ამორალური მეუღლის ცოლი. ასევე, ის არის ერთ-ერთი ცნობილი კორუმპირებული ბიზნესმენის შვილი, რომელმაც 90-იან წლებში კორუფციით იშოვა ფული. ასეთი ამორალური ადამიანები დღეს კადრულობენ და ჯალათის ცოლებს უწოდებენ გმირი პოლიციელების ცოლებს. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს.
ასევე, ერთ-ერთი „ქოლ-ცენტრის“ მფლობელის ცოლი, ანუ ყაჩაღის ცოლი იჭრებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ასეთი არა ერთი ფაქტი არსებობს. ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში „ქოლ-ცენტრების“ ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება. ასევე, ამ დღეების განმავლობაში „ქოლ-ცენტრებს“ ამუშავებდნენ, არატრადიციული მიზნით – არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მომსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და ბიზნესმენებზე. „ქოლ-ცენტრები“ და „ქოლ-ცენტრების“ თანამშრომლები ჰყავდათ ჩართული პირდაპირ ამ საქმეში. ერთი კარგი, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა არის ის, რომ არა ერთი ევროპელი პენსიონერი ამ დღეების განმავლობაში გადაურჩა გაძარცვას და „ქოლ-ცენტრების“ მფლობელებს შემოსავალიც მოაკლდათ. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ „ნაცმაიდანში“, მათი ჩართულობა იყო ძალიან ინტენსიური და აქტიური. მადლობა ღმერთს მათი ეს მცდელობა ჩავარდა“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ასახელებს იმ პირების ვინაობას, ვინც მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში შექმნილ „ქოლ-ცენტრშია“ ჩართული.
„მე მაინც მოვერიდები კონკრეტული გვარების დასახელებას. დღეს ვსაუბრობ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. ერთი რაც უნდა ითქვას, ეს ჩვენ იურისდიქციას ნაკლებად ექვემდებარება, ამ საქმეების გამოძიება. გამომდინარე აქედან, რომ მე ვსაუბრობდი არა საქართველოში შექმნილ „ქოლ-ცენტრზე“, არამედ ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში შექმნილ „ქოლ-ცენტრზე“. თუ რაიმე კუთხით ეს ყველაფერი შეიძლება ქართული გამოძიებისთვის საინტერესო იყოს, ალბათ, შესაძლებელია ჩართვა, მაგრამ ალბათ, გამგები გაიგებს.
ყველა შემთხვევაში, ის ადამიანი, რომელიც პოლიციელების ცოლებს უწოდებდა ჯალათის ცოლებს, ძალიან კარგად გაიგებს, რომ საუბარია მის მეუღლეზე, რომელიც ყაჩაღობს და ძარცვას ევროპელ პენსიონერებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი ბიზნესმენებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე ხორციელდებოდა.
„მე უკვე გითხარით რა არის ამ განცხადების მიზეზი. ამ შემთხვევაში მიზეზი არის არა წაკითხულის ვერ გააზრება, არამედ ის ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე. ლიბერალური-ფაშიზმი თუ რამეს თავს დაესხა, პირველ რიგში, ეს იყო ბიზნესი, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ. „ქოლ-ცენტრებს“ ამუშავებდნენ. კონკრეტულ სპორტსმენს მიუვიდა ათასამდე „მესიჯი“, ხმოვანი შეტყობინება – „ფეისბუქზე“, „ვოცაფზე“ და სხვა საშუალებებზე. ამისათვის „ქოლ-ცენტრები” იყო ამუშავებული. იგივე ხდებოდა ბიზნესებთან მიმართებით. მიდიოდა პირდაპირი ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესმენების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.