ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამზადებული იყო ინფორმაციაც და სამთავრობო ჯგუფი მზად იყო ევროპულ ბიუროკრატიასთან გულწრფელი დისკუსიისთვის.
„აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. რეალურად საბაბია, როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, მემგონი ეს დასახელდა მიზეზად, ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ .
ამასთან, კობახიძის განცხადებით, ყველა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და “შეიძლება, შენ გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან, რომ ეს ყველაზე მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი კი არ უნდა წამოვიდეს, ვიღაც სხვა უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ესტონეთმა, მარგუს ცაჰკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია ამ შენს კონკრეტულ თანამდებობის პირს”.
“რა თქმა უნდა, ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას ჩვენ ვერ გავყვებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დელეგაციის დაკომპლექტება ხდება სწორედ ცალკეულ საკითხზე ყველაზე კომპეტენტური ადამიანებით.
„ჩვენ ვართ ღირსეული სახელმწიფო და სახელმწიფოს ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომას, სწორედ ისინი აჩვენებენ, რომ ღირსებაზე ბოლომდე ამბობენ უარს, როდესაც ბოლომდე გაურბიან ყველანაირ დისკუსიას, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. სათქმელი არ აქვთ უბრალოდ არაფერი, მათ შორის ადამიანის უფლებების თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.




