ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით, თუ ჰქონდა საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან.
ამასთან, კობახიძემ ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე. როგორც მან აღნიშნა, „კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა და უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში“.
„თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციებმა გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით.
უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა“, – განაცხადა კობახიძემ.