პრემიერი – სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, სხვაობას მთავრობა დაუკომპენსირებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს.
ასევე, მინდა გარკვეული მონაცემები გაგაცნოთ, რომლებიც უკავშირდება მევენახეობა-მეღვინეობას. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ყურძნის ფასი მათი რეჟიმის დროს უფრო მაღალი იყო. რაც შეეხება რეალურ მონაცემებს: მათ დროს, 2008-2011 წლის მონაცემების მიხედვით, რქაწითელზე ყურძნის ფასი 65 თეთრს არ აღემატებოდა. მერყეობდა 45-65 თეთრს შორის. ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. საფერავის ჯიშის ყურძენს ფასს რაც შეეხება, ის მერყეობდა 65-75 თეთრამდე. ეს ტყუილები მათგან ისეთივე ტყუილებია, რაც მათგან ჩვეულებრივი მოვლენაა.
რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების დროს, იყო რამდენიმე წელი, როდესაც საფერავზე ფასი შეადგენდა 1.80-ს, ზოგ შემთხვევაში 2 ლარზე მეტსაც კი. თუმცა ეს ფასი საბაზრო ურთიერთობების შესაბამისად იყო. იმ პირობებში, როდესაც მოსავალი ნაკლები იყო, ფასი იზრდებოდა. მოსავლის ზრდა კი, ფასის შემცირებას განაპირობებდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.