სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი – თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა მოიაზრება კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში, კობახიძემ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ეს იქნება ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება. „პირველი ნაბიჯი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება. ეს არის პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას”, – განაცხადა კობახიძემ.