სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ მარიონეტია, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი, მათ შორის, იმ უცხოელებმაც იციან, ვისი
აგენტია სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადებას ნულოვანი ფასი აქვს.
„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს, არც ოპოზიციისთვის, არც უცხოელებისთვის და მითუმეტეს, ქართველი ხალხისთვის, ეს არის ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი, შესაბამისად, მის ყველა განცხადებას აბსოლუტურად ნულოვანი ფასი აქვს. რაც შეეხება სიტყვა „კოშმარს“, მას რეალურად სიტყვა გაექცა, არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იგივე სიტყვებით, როგორც საუბრობენ სხვა აგენტები. „კოშმარი“ აგენტების ტერმინია, უცხოელი აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს „ქართული ოცნების“ მიმართ. არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ, ამით ის დამატებით საკუთარ როლს შიფრავს. თქვენ იცით, ვინ იყენებს ამ ტერმინებს, კონკრეტული უცხოელები, თავადაც აგენტები იყენებდნენ ამ ტერმინს – კოშმარს, ახლა იგივე სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კობახიძე შესაძლოა, პრეზიდენტის როლს თუ მნიშვნელობას აკნინებს, მაგრამ ის მაინც პრეზიდენტია, პრემიერმა უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არაა.
„მე არ ვაკნინებ, სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი, მან თავადვე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, როცა მას სარჩელით მიმართა, ეს არის ის სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. ერთადერთი, რის ხარჯზეც, ზურაბიშვილი ფორმალურად ინარჩუნებს პრეზიდენტის თანამდებობას, „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაა, „ნაცმოძრაობის“ ხმების ხარჯზე დარჩა ის პრეზიდენტის თანამდებობაზე, შესაბამისად, მას შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობის“ ერთი რიგითი მარიონეტი“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ფაქტია, ზურაბიშვილთან მიდიან და მას უსმენენ, პრემიერმა უპასუხა, რომ „ერთი აგენტი მეორეს თუ ხვდება, ეს საინტერესო არ არის“.
კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ არჩევნებამდე სანქციები დაუწესდებათ, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არასერიოზულია.
„არჩევნებამდე იქნება, არჩევნების შემდეგ იქნება, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არასერიოზულია. მითუმეტეს, თქვენ იცით, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი ბიძინა ივანიშვილია და მის მიმართ დე-ფაქტო სანქციები მოქმედებს. როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, მას თანხები გაუყინეს, რის გამო? რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ, ამით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დავაქციეთ, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავაგზავნეთ, ამას რატომ ითხოვდნენ? იმიტომ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო… მას [ბიძინა ივანიშვილი] ფაქტია, რომ 2 მილიარდი დოლარი გაუყინეს 2 კვირაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. დანარჩენი, დასკვნებს საზოგადოება გამოიტანს“, – განაცხადა კობახიძემ.