პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები გახდნენ, ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.
რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.
პრემიერის განმარტებით, მათ ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და მალე ოფიციალური წარდგინებაც იქნება.
„გუშინდელ დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის უბედნიერესი იყო. 2 ოქროს მედალი და არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ასეთივე წარმატებას ვუსურვებ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს. ის უკვე არის შემდგარი ლეგენდა, მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. გენოს გამარჯვება განსაკუთრებულად გაგვიხარდა, რომელსაც წინა ოლიმპიადაზე იღბალი დააკლდა. ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო.
რაც შეეხება ორდენებს, არ მინდოდა წინ გამესწრო მოვლენებისთვის, მაგრამ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვფიქრობთ, რომ პრიზიორები ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, რასთან დაკავშირებითაც უკვე ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“,- განაცხადა კობახიძემ.