ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა – არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს, – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის შეფასებით, „გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვისმენთ“.
კობახიძემ სწორად ამ კონტექსტში გააკრიტიკა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გავრცელებული განცხადება.
„ეუთო/ოდირის განცხადებაში ჩანს ნონსენსი. 4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, რომელთაგან ორი ღმერთის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები რაღაც თემებზე საუბრობენ.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამას ის უსამართლობაც ემატება, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს“.
„საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, მათთვის განაჩენების გამოტანა და დაჯარიმება. მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები, საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის არის მშვიდობიანი შეკრების პატივისცემა.
მსურს საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები სამიზნე არ გახდნენ და მათი ხმები გაგონილ იქნას, ვინაიდან, მათი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ზრდისთვის“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.
