სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები, ასევე, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა ამომრჩევლისთვის, მათი მობილიზაციისთვის ხელის შეშლა, ეს არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მოქალაქეებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების ხელშეწყობისკენ მოუწოდა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, 320 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, გააკეთა საკუთარი არჩევანი. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედი გვაქვს, ასევე გაგრძელდება საარჩევნო პროცესები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ხშირად ასეთი რამ. ასევე, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ პირად ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლებაც მას კანონის შესაბამისად აქვს. გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, მათ მედიასაშუალებებს, თუმცა ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა, ეს არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მშვიდი საარჩევნო გარემო მთელი დღის განმავლობაში.
ზოგადად, ყველა სუბიექტს იქნება ეს პოლიტიკური პარტია, მედიასაშუალება თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ვებ-გვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები არჩევნების აქტივობასთან დაკავშირებით და 20:00 საათიდან ასევე იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება ის თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებულები ვართ, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.