დანაშაული არის დანაშაული, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს. გუშინ დაკავებული იყო 3 ადამიანი, 1 არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, 2 არის ჩვენი ორგანიზაციის, პარტიის მხარდამჭერი , – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ 8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.
პრემიერის თქმით, სამართალი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს.
„დანაშაული არის დანაშაული, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს. გუშინ დაკავებული იყო 3 ადამიანი, 1 არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, 2 არის ჩვენი ორგანიზაციის, პარტიის მხარდამჭერი. სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო. ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს კანონი“,- აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება უშუალოდ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ირმა (მეგი) დიასამიძესთან დაკავშირებულ კითხვას, პრემიერის თქმით, სხვისი ქონების დაზიანება, იმ შემთხვევაში თუ 150 ლარის ზევით ღირებულების არის ნივთი, სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს კანონი კი 35 წელია, რაც მოქმედებს“.
რაც შეეხება სასჯელს, კობახიძის თქმით, ამას სასამართლო გადაწყვეტს.
„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება, თუ რამდენი. ამას გადაწყვეტს სასამართლო. თავისთავად, 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია. სხვისი ქონების დაზიანება, 150 ლარის ზევით ღირებულების თუ არის შესაბამისი ნივთი, სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასე ითვლება“,- აღნიშნა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვას, რომ არ ყოფილა ჯერ მსგავსი საქმე, პრემიერი პასუხობს: „თუ არ ყოფილა, ალბათ, პრეცედენტია“.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
