პრემიერი აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე: თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ თვლის, რომ ქართველი სამართალდამცველები ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე მაღალი სტანდარტით მუშაობენ საპროტესტო აქციებზე და არ იღებს კრიტიკას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების შესახებ.
„შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ-იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, – თქვა დღეს, 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან და დაამატა, რომ მთავრობის კომპეტენცია არ არის სამართალდარღვევების შეფასება.
„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა პრემიერმა და საზოგადოებას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიებას ამ ფაქტებზე, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები და ვადები.
“ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული“ – თქვა ირაკლი მ.
საქართველოს მთავრობას მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივად დარბევის გამო არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია და პოლიტიკოსი აკრიტიკებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და გამოკვეთოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე 20 პირი დააკავეს. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან სახალხო დამცველის ოფისში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში მათ 23 დაკავებული დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებულები.
13 მაისს, აქციის მონაწილეების დაკავების მომენტები არაერთი კამერის თუ ტელეფონის ობიექტივში მოექცა. შესაბამისად, ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს.
დაკავების მეთოდი ასეთია – ჯგუფურად შეკრებილი სპეცრაზმელები, პოლიცია, წრეში აქცევენ აქციის მონაწილეს, სახესა და თავში ურტყამენ მუშტებს და თან მის გათრევას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუკი აქციის მონაწილე წაიქცევა, მაშინ მას წიხლებიც ხვდება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დროისათვის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი ერთ-ერთი დაკავებული გურამ ადამია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დაკავებულს არაერთი მძიმე დაზიანება აღენიშნება სახის არეში, მათ შორის, განსაკუთრებით საყურდღებოა თვალის დაზიანება.

ასევე დაგაინტერესებთ