მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებია, დაახლოებით, 660 000 პირი, მათ შორის, სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებს 230 000-ზე მეტი ბავშვი.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის ოჯახის წევრის „საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის გამო, დაახლოებით 173 000 პირს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება.
„პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა იგი უფრო მეტად პასუხობდეს ოჯახების, განსაკუთრებით, ბავშვიანი შინამეურნეობების გამოწვევებსა და საჭიროებებს.
ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში იგეგმება „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა, რაც გულისხმობს რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვის, სოციალურ და დევნილთა საკითხებზე მოქალაქეთა ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი სერვის-ცენტრების რეაბილიტაციაზე/მშენებლობაზე, ახალი ელექტრონული სისტემების დანერგაზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, თანამშრომლების გადამზადებასა და სტანდატრტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებაზე, რათა ჩამოყალიბდეს მოქალაქეთათვის სოციალური მომსახურების მიწოდების თანამედროვე სტანდარტების სისტემა.“-ნათქვამია ანგარიშში.
პარლამენტში წარდგენილია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება, რომელიც 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.