აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს იმუნიტეტი დაიცავს პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გულისხმობს იმუნიტეტს მისი, როგორც კერძო პირის ქმედებებზე.
სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, პირველ ივლისს გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უზენაესმა მოსამართლეებმა გააუქმეს ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა ტრამპის მოთხოვნა, იმუნიტეტი მინიჭებოდა ბრალდებებზე, რომლებიც მოიცავდა მის ძალისხმევას 2020 წლის არჩევნებში ბაიდენთან მარცხის გასაუქმებლად. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 6 კონსერვატორი მოსამართლის უმრავლესობით სამი ლიბერალი მოსამართლის წინააღმდეგ.
არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებული ტრამპის საქმე ქვედა ინსტანციას დაუბრუნდება, რომელმაც უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, როგორ მიესადაგება ამ საქმეს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ ოფიციალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობისგან აბსოლუტურ იმუნიტეტს ანიჭებს ყოფილ პრეზიდენტებს.
ამ საქმეში ბრალმდებლები ამტკიცებენ, რომ ტრამპი ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ჩინოსნებზე, გაეუქმებინა 2020 წლის არჩევნების შედეგები, გამოეყენებინა 2021 წლის 6 იანვრის ბუნტი კაპიტოლიუმში, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.
ტრამპის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა.
„ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ვარ ამერიკელი“, — წერს ტრამპი.
ერთ-ერთი უზენაესი მოსამართლე, სონია სოტომეიორი, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირიქით, ამერიკის კონსტიტუციის მთავარი პრინციპის დაცინვაა, რომლის მიხედვითაც კანონზე მაღლა არცერთი ადამიანი დგას და ეს ცვლის პრეზიდენტის ინსტიტუტს.
კონსერვატორი მოსამართლეებიდან, რომელნიც უმრავლესობას ქმნიან უზენაეს სასამართლოში და რომელთაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, სამი მათგანი ტრამპის მიერ არის დანიშნული.
სხვა საქმეზე, რომელიც ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებას ეხება, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს. ტრამპს პატიმრობა ან პირობითი სასჯელი ემუქრება. სასჯელს 11 ივლისს მოსამართლე ხუან მერშანი გამოაცხადებს.