17 ივნისს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ მსგავსი ცნობები კიდევ უფრო დიდი „ფაბრიკაცია“ და „ფეიკია“.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, თუ ირანელებს ლაპარაკი უნდათ, იციან როგორ დაუკავშირდნენ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს უნდა მიეღო შეთანხმება(ბირთვული პროგრამის შესაწყვეტად), რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე იდო და ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა.
16 ივნისს, დღის ბოლოს დონალდ ტრამპმა ვადაზე ადრე შეწყვიტა მონაწილეობა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტში და აშშ-ში დაბრუნდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა მიზეზად დაასახელა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება.
„დიდი შვიდეულის“ წევრი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შესაწყვეტად მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის ვარაუდს არასწორი უწოდა და სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ მას(მაკრონს) წარმოდგენაც არ აქვს, რატომ ბრუნდება ვაშინგტონში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცეცხლის შეწყვეტასთან. ტრამპს კანადიდან ნაადრევად გამგზავრების მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ საქმე ეხება გაცილებით მეტს, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა.
მანამდე გამოცემა Axios-ი იუწყებოდა, რომ თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ის და ირანის წარმომადგენლების შეხვედრის შესაძლებლობას თეირანის ბირთვული პროგრამის განსახილველად.
ირანმა თავის ბირთვულ პროგრამაზე შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
16 ივნისს გამოცემა The Wall Street Journal-მა ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანი შუამავალი არაბული ქვეყნების მეშვეობით ისრაელს და აშშ-ს გადასცემს სიგნალებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
