პრეზიდენტმა ტრამპმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას, ღამით კონგრესის მიერ მიღებულ საბიუჯეტო პაკეტს მოაწერა ხელი. 1,4 ტრილიონი დოლარი მომავალ სექტემბრამდე ამერიკის მთავრობის ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი, 900 მილიარდი დოლარი კი კორონავირუსით მიყენებული ზიანის აღსადგენად.
პრეზიდენტი ამ საკანონმდებლო პროექტს “უღირსს” უწოდებდა. საბიუჯეტო პროექტი თვეების განმავლობაში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მწვავე მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა გასულ კვირას შეთანხმებით დასრულდა და მას წარმომადგენელთა პალატასა და სენატშიც დაუჭირეს მხარი. დონალდ ტრამპის წინააღმდეგობამ მხარეები გააკვირვა და როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი ლიდერები მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, მოეწერა ხელი მიღებული საბიუჯეტო პროექტისთვის.

თუკი პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა პროექტს, სამშაბათიდან ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გახდებოდა საჭირო, რადგან ფუნქციონირებისთვის საჭირო ბიუჯეტი სწორედ ამ დროიდან იწურებოდა. რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ ისეთ შეღავათებს, როგორებიცაა გამოსახლებისგან დაცვა და უმუშევრობის გაზრდილი კომპენსაცია, ისინი სწორედ კვირას ამოიწურა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ორპარტიული და ორივე პალატაში დამტკიცებული პაკეტი სასიხარულო სიახლეა იმ 14 მილიონი ამერიკელისთვის, რომლებმაც ამ კვირას უმუშევართათვის განკუთვნილი დახმარება შეუწყდათ და ასევე მილიონობით სხვა მოქალაქისთვის, რომლებიც ისტორიული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალდნენ.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება მოიწონა და თქვა, რომ მან თავიდან აიცილა მთავრობის დახურვა მაშინ, როდესაც ქვეყანას არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს.
დონალდ ტრამპის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ინდივიდუალური დახმარების მოცულობა იყო. ის ამბობდა, რომ 600 დოლარი თითოეული ადამიანისთვის კორონავირუსით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და დასახმარებლად არ იყო საკმარისი. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთ ნაწილს, მაგალითად სახელმწიფო პროგრამებს საგარეო დახმარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. ტრამპი ამბობდა, რომ 600 დოლარის ნაცვლად, მოქალაქეებს 2000 დოლარი უნდა მიეღოთ და რომ ზოგადად, ხარჯების უფრო დიდი ნაწილი “პირდაპირ ამერიკელებს” უნდა მიეღოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ