პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა სრულად, ან ნაწილობრივ შეუზღუდა 19 ქვეყნის მოქალაქეებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა სრულად შეუზღუდა 12 და ნაწილობრივ 7 ქვეყნის მოქალაქეებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 2025 წლის 9 ივნისიდან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ 4 ივნისს ხელმოწერილ განკარგულებაში შეზღუდვის გადაწყვეტილება დასაბუთებულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნებით.
ტრამპის განკარგულების საფუძველზე -ში ჩასვლა სრულად აეკრძალათ ავღანეთის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, იემენის და მიანმის მოქალაქეებს. განკარგულებაში მიანმა მისი ძველი სახელით, ბირმითაა მოხსენიებული.
ნაწილობრივი შეზღუდვა ვრცელდება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთის და ვენესუელის მოქალაქეებზე. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის, ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.
4 ივნისს, ახალი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ტრამპის განცხადებით, ვერ დაუშვებენ თავისუფალ მიგრაციას იმ ქვეყნებიდან, სადაც ვერ ხერხდება აშშ-ში გამგზავრების მსურველთა საიმედოდ და უსაფრთხოდ შემოწმება.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, არაერთი ტერაქტი მოაწყვეს უცხოელებმა, რომლებიც აშშ-ში ვადაგასული ვიზით იმყოფებოდნენ. მან მაგალითად მოიყვანა კოლორადოს შტატში ებრაული თემის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე 1 ივნისს მომხდარი თავდასხმა. ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობდა, მსვლელობის მონაწილეებს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინა.
პრეზიდენტ ს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს დემოკრატმა პოლიტიკოსებმა. კონგრესმენ დონ ბაიერის განცხადებით, ტრამპის ცრურწმენები და შეუწყნარებლობა ამერიკელების ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს ვერ გახდის, ხელს უწყობს გახლეჩვას და ძირს უთხრის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიციებს.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, 2017 წელს გამოსცა განკარგულება და აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა კუბის, ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სომალის, სუდანის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს.
აკრძალვა სასამართლო დავის საგნად იქცა, თუმცა, საბოლოოდ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ