პრეზიდენტმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი ტუხაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული სტარტაპ კომპანიების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის Startup Grind Tbilisi-ს თანადირექტორი, სტარტაპ KERNEL-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ტუხაშვილის დედას, ნანა კაპანაძეს გადასცა.
,,მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედალი გადავცეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის ალბათ ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, რადგან გიორგი ტუხაშვილზეა საუბარი. ის თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ მიმართულებას, რომელიც სტარტაპებში არსებობს, რომელიც საჭიროა და რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. 10 წლის წინ, პრაქტიკულად, ეს დარგი არ არსებობდა, არ იყო ასეთი განვითარებული და სწორედ ეს ადამიანი იყო ამ განვითარების საწყისებზე. ალბათ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ახალგაზრდებიც გაზარდა, მენტორობაც გაუწია ზოგ მეწარმეს, ინვესტიციების მოზიდვაში დაიწყო თვითონაც მოღვაწეობა, გამართა ის ძალიან დიდი შეკრებები, რაც სატრაპებისთვისაა დამახასიათებელი და თბილისში ჩაატარა ასეთი დიდი შეკრება 2019 წელს, თუ არ ვცდები. ამ ყველაფრისთვის, მოტივაცია სწორედ იმაშიცაა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ადამიანების ღვაწლი იმ საქმეში, რომელიც ესოდენ გვჭირდება, რომელსაც ექნება სამომავლოდ განვითარება იმიტომ, რომ არსებობენ სწორედ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, სჯერათ და იქნებიან ბოლომდე ჩართული ამ საქმეში და ეს არის ის საქმე, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან ძალიან სჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.