პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.
მარტივად რომ ვთქვათ, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამას გარდა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის.
ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს საქართველოში მოგების გადასახადი 15%, საშემოსავლო – 20%, ხოლო იმპორტის გადასახადი 5% ან 12%-ია [საქონლის სახეობების მიხედვით განსხვავდება], საკმაოდ დიდი შეღავათი გამოდის.

ასევე დაგაინტერესებთ