სომეხი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, თავიანთი ნაკრების ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ეროვნულ გუნდთან განადგურებით იმედგაცრუებულები დარჩნენ.
ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ერევნისგან განსხვავებით თბილისში შესანიშნავი სტადიონია, ქართული ფეხბურთი პროგრესირებს, მათ ნაკრებში კი დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელებს იწვევენ და შედეგიც სახეზეა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიბეკიანმა და ნაკრების კაპიტანმა ვარაზდატ აროიანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
მელიბეკიანი: „ყველას სახელით შედეგის გამო ბოდიშს გიხდით. ჩვენ თამაშის მერე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს დიდი ხანი ვესაუბრეთ და სირთულეების დასაძლევად მზად ვართ. უნდა გადავწყვიტოთ შიდა
პრობლემები და ივნისში სხვა მდგომარეობაში ვიყოთ. სექტემბერში მებრძოლი გუნდი გვეყოლება”.
აროიანი: „სანამ ნაკრებში ვარ, იმედია, ასე სამარცხვინოდ არასოდეს დავმარცხდებით. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. თანაგუნდელებს საკმაო ხანი ველაპარკე. დიახ, ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ავუხსენი, რომ მსგავსი ანგარიშით წაგების უფლება არ გვაქვს“.
