ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულ შეტევას.
თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზანია ზამთარში უკრაინელ ხალხს წართვას ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომა და საშიშროება შეუქმნას უკრაინის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს.
ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუგზავნა საჰაერო თავდაცვის ასეულობით რაკეტა და კიდევ უფრო მეტი გზაშია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ ემზადება უკრაინისთვის კიდევ 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც იქნება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე. ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან დაიწყებს, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
ფორუმი