საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში “აგენტების კანონსა” და მის საწინააღმდეგო პროტესტზე სასაუბროდ ბრიგინგი გამართა, რომლის დასაწყისშიც თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა მას “დაასწრო” ბრიფინგის გამართვა მთავრობის ადმინისტრაციაში. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დღის ერთი საათით ადრე გამართა, სადაც თქვა, რომ “ქართული ოცნება” აუცილებლად მიიღებს “აგენტების კანონს” და ეს იქნება ქართველი ხალხის ნების აღსრულება, ვინაიდან, კობახიძის მტკიცებით გარკვეული კვლევებით მოსახლეობის 80% უჭერს მხარს ამ სადავო კანონპროექტს.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მწვავედ გააკრიტიკა მთავრობა და “ქართული ოცნების” ლიდერები, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ ქუჩაში გამოსულ ათობით ათას მოქალაქეს.
„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეეხო “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კანონი “აგენტების შესახებ” მესამე მოსმენით მიიღოს პარლამენტმა და პრეზიდენტის ვეტო აღარ დაძლიონ, ან მისი შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინონ და ეს კომპრომისად მიიჩნიონ.
“პრეზიდენტს ეუბნებია, მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები, ან უცხოელები, ან აქაური NGO-ები, არ ვიცი ვინ, დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება დავფიქრდეთ. იფიქრეთ და იყავით! მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არც ერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი: ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ეს კანონი, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენით და მოუსმინეთ ოპოზიციას. ან კიდევ უფრო მარტივი, ამ კანონის ამოქმედება გადაიტანეთ 1 ნოემბრის შემდეგ, ვინც მოვა ხელისუფლებაში მან გადაწყვიტოს, ეს კანონი რუსულია, რაღაც სხვა კანონების გადამღერება თუ რამე სხვა.
ეს კანონი არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მან მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს უკვე ქართული საზოგადოების პრობლემა არის არა “რუსული კანონი”, არამედ მთავრობა, რომელიც რუსული მთავრობის მსგავსად იქცევა.
„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო – მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან მთავრობის გარდა მიმართა პოლიციელებსაც და სთხოვა მათ, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
“არავინ არ გაბედოთ ის, რაც მუქარა ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა რამდენი უკვე დღე არის, რამდენი კვირა, აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ვერავის ვერ დააჯერებთ ვერაფერს. ტყუილად არის და მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმასაჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავეთ ამისგან იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი,” – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მეორედ დააბრუნა სადავო კანონპროექტი დღის წესრიგში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ამ კანონის საწინააღმდეგოდ არაერთი აქცია გაიმართა – მოქალაქეები კანონის მიღებას თითქმის უწყვეტი პროტესტით ეწინააღმდეგებიან. პარლამენტში კანონის განხილვის დაწყებიდან ამ დრომდე ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა 150-ს აღწევს – მათი ნაწილი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს, როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. 20-მდე მოქალაქეს აქციაზე ან დაკავებისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვა 13 მაისს განახლდება – ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსნება, სამშაბათს, ანუ 14 მაისს სადავო კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.
12 მაისს, ამ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საღამოს 10 საათიდან აპირებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებას და ღამის გათენებას.